English / ქართული / русский /







ჟურნალი ნომერი 3 ∘ თენგიზი თაქთაქიშვილი
აგრარული სექტორის სუბსიდირების მიზნები და ფორმები

რეზიუმე

ნაშრომში მიმოხილულია აგრარული სექტორის სუბსიდირების ძირითადი მიზნები და მისი ყველაზე უფრო გავრცელებული ფორმები. გაანალიზებულია სოფლის მეურნეობის განვითარებაში სახელმწიფოს ჩარევის ძირითადი მიზეზები და ეკონომიკური საფუძველი. განხილულია სხვადასხვა ეკონომიკური სკოლის დამოკიდებულება აგრარული სფეროს სუბსიდირების მიმართ. გაანალიზებულია აგრარული სფეროს სუბსიდირების პოლიტიკის პრიორიტეტები და სოფლის მეურნეობაში მწარმოებლურობისა და დასაქმების ზრდისკენ მიმართული ღონისძიებები.

საკვანძო სიტყვები: აგრარული სექტორი, სუბსიდია, ეკონომიკური პოლიტიკა, ფერმერული მეურნეობა, წარმოება.

შესავალი

სოფლის მეურნეობაში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის კვალობაზე დარგში მოღვაწე მეურნეობათა ეფექტიანობა მუდმივად იზრდება. განვითარებული ქვეყნების ფერმერულ მეურნეობებს, როგორც წესი, უფრო მეტი ფინანსური და მატერიალური შესაძლებლობა აქვთ, რომ საქმიანობა წარმოების თანამედროვე მეთოდების გამოყენებით განახორციელონ. საქართველოს მსგავს ქვეყნებში კი წვრილი ფერმერული მეურნეობები სახელმწიფო მხარდაჭერის გარეშე ვერ ახერხებენ უახლესი ტექნოლოგიების ათვისებას. შესაბამისად, იზრდება ზეწოლა სახელმწიფოზე, რათა დაეხმაროს აგრარულ სფეროში მოქმედ მეურნეობებს.

სოფლის მეურნეობის მხარდამჭერი პოლიტიკა ხშირ შემთხვევაში მცირე საოჯახო მეურნეობების დახმარების მიზნით ხორციელდება. მცირე მეურნეობა პროდუქციას გარკვეული რაოდენობით აწარმოებს და ყიდის კონკრეტულ ფასად. ბაზარზე მიმდინარე ისეთი მოვლენები, რაც იწვევს ფასის შემცირებას, განსაკუთრებით დიდ ზიანს აყენებს მცირე ფერმერულ მეურნეობებს. რადგან საქართველოში არსებული მევენახეების უდიდესი ნაწილი შეიძლება განიხილოს როგორც მცირე მეურნეობის მქონენი, ნათელი ხდება, თუ რა მძიმედ მოქმედებს ყურძნის ფასის კლება მთლიანად დარგის განვითარებაზე. როგორც წესი, ასეთ დროს იწყება ზეწოლა მთავრობაზე, რათა მან განახორციელოს მცირე მეურნეობების შემოსავლების მხარდამჭერი პოლიტიკა იმისათვის, რომ უზრუნველყოს ფასის შემცირებით გამოწვეული დანაკარგების სრული ან ნაწილობრივი ანაზღაურება მეურნეობებისთვის. სწორედ ამ მიზნით დაიწყო საქართველოში ყურძნის ფასის მხარდამჭერი პოლიტიკის გატარება.

თავისუფალი ბაზარი თავისთავად უზრუნველყოფს დიდ უპირატესობებს ეკონომიკური საქმიანობის ორგანიზებისთვის. ამის მიუხედავდ, სახელმ¬წი¬ფოს ზოგჯერ უწევს ე.წ. „ბაზრის ჩავარდნის“ გამოსწორება და მაკორექტირებელი ქმედებების განხორციელება. თავისუფალი ბაზრის პირობებში ხში¬რად ხდება, რომ წვრილი ფერმერული მეურნეობა წამგებიან სიტუაციაშია მსხვილ კონკურენტებთან ურთიერთქმედებისას. ასეთ დროს სახელმწიფო, აანალიზებს რა შექმნილი პრობლემის სირთულეს და წამგებიან სიტუაციაში მყოფი მეურნეობების მნიშვნელობას, იღებს ზომებს მათ მხარდასაჭერად.

*  *  *

ნებისმიერი ფორმის ეკონომიკური ჩარევა მიზნად ისახავს მთლიანად ეკონომიკაში ან მის კონკრეტულ დარგში არსებული მდგომარეობის გაუმჯობესებას, რესურსების ან შემოსავლების განსხვავებულ გადანაწილებას, მოსახლეობის კონკრეტული ჯგუფის კეთილდღეობის გაუმჯობესებას და ა.შ.

ეკონომიკური პოლიტიკა გავლენას ახდენს ეკონომიკური აქტივობის დონესა და სტრუქტურაზე. სახელმწიფოს მხრიდან ინტერვენცია ხორციელდება იმ შედეგის მიღების მიზნით, რაც, შესაბამისი სახელმწიფო ორგანოების აზრით, იქნება უკეთესი, ვიდრე ჩაურევლობის შემთხვევაში იქნებოდა. შესაძ¬ლებელია ეს „უკეთესი“ განისაზღვროს არაეკონომიკური კრიტერიუმის მიხედვით (მაგალითად, წარმატება არჩევნებში), მაგრამ აუცილებელია მისი შეფასება ეკონომიკური ასპექტით [Colman D., Young T., 1989].

სასოფლო-სამეურნეო პოლიტიკა მოიცავს სხვადასხვა მიმართულებას: სოფლის განვითარების პოლიტიკა, გარემოსდაცვითი პოლიტიკა, შრომითი პოლიტიკა, საგადასახადო პოლიტიკა, სავაჭრო პოლიტიკა და ა.შ. [Skovager J. M., Zobbe H., 2007].

ყველაზე გავრცელებული მოსაზრება სასოფლო-სამეურნეო სუბსიდიების მხარდასაჭერად ისაა, რომ საჭიროა ფერმერულ მეურნეობათა შემოსავლების დაცვა და გაზრდა [Winters A. L., 1987].

აგრარული სფეროს რეგულირებისკენ სახელმწიფოს შეიძლება უბიძგოს ისეთმა ეკონომიკურმა, სოციალურმა თუ პოლიტკურმა მიზნებმა, როგორიცაა:

- ადგილობრივი აგრარული წარმოების განვითარება და იმპორტზე დამოკიდებულების შემცირება;

- რესურსების გადაადგილება საჭირო მიმართულებით, როგორც წესი, ჩამორჩენილი დარგების განსავითარებლად;

- მოსავლის დაზღვევაში სახელმწიფოს თანამონაწილეობა, რათა მცირეშემოსავლიან მეურნეობებს ააცილოს სტიქიისგან მიყენებული ზარალი;

- უთანასწორობის შემცირება სოფლად და ქალაქად მცხოვრებთა შემოსავლებსა და კეთილდღეობაში;

- მოხმარების სტიმულირება მოსახლეობის ნაკლებად შეძლებულ ფენებში მათი მყიდველობითუნარიანობის გაზრდის გზით;

- აგროსასურსათო წარმოების იმ დარგის მხარდაჭერა, რომელიც დიდი ოდენობით ქმნის სამუშაო ადგილებსა და დამატებულ ღირე¬ბულებას;

- რეგიონში ბიზნესის განვითარების შესაძლებლობების შექმნის გზით სოფლიდან ქალაქად მიგრაციის შეჩერება;

- წარმოების იმ ფაქტორების გამოყენების წახალისება, რომლებიც ნაკლებ ზიანს აყენებს გარემოს;

- სახელმწიფოს კუთვნილი საწარმოების დაფინანსება;

- ჭარბი პროდუქციის ათვისება და მწარმოებელთა დანაკარგების თავიდან აცილება;

- მხარდაჭერა იმ ახალი ინდუსტრიებისთვის, რომლებიც პერსპექტიულად მიიჩნევა;

- ქვეყნის მაღალმთიანი ან ჩამორჩენილი რეგიონების განვითარება და ა.შ.

„სასოფლო-სამეურნეო სუბსიდია შეიძლება განისაზღვროს, როგორც სახელმწიფოს ნებისმიერი ჩარევა, რომელიც აგრარული პროდუქტის ფასს, ფერმერული მეურნეობის შემოსავალს განსხვავებულს გახდის იმისგან, რაც იქნებოდა ინტერვენციის არარსებობის შემთხვევაში“ [Peterson E. Wesley F., 2009:12]. 

სუბსიდირების ეკონომიკური საფუძველია ეკონომიკური ეფექტიანობა, ანუ ბაზრის ჩავარდნის გამოსწორება და გადანაწილებითი ეფექტი ანუ სამართლიანობის მიღწევა [Lister N. M., 2011:15]. სუბსიდიების საშუალებით უნდა ამაღლდეს ფერმერების მწარმოებლურობა, გაიზარდოს მათი შემოსავლები და გაუმჯობესდეს მათი კონკურენტუნარიანობა ბაზარზე.

განვითარებადი ქვეყნების ფერმერული მეურნეობები ხშირად აწარმოებენ იმ რაოდენობის პროდუქციას, რომ მისი გაყიდვიდან მიღებული შემოსავალი ძლივს ფარავს საწარმოო ხარჯებს და საკმარისი არ არის მეურნეობის სამომხმარებლო ხარჯების დასაფარად. ამ შემთხვევაში სუბსიდიები დამატებითი შემოსავლის წყაროა ასეთი მეურნეობებისთვის. ეს არის ის შემოსავალი, რასაც მათთვის ვერ უზრუნველყოფს ბაზარი.

სუბსიდირების ძირითად მიზეზად ყველაზე ხშირად სახელდება ის, რომ მთავრობისგან გარკვეული ფინანსური მხარდაჭერის გარეშე ადგილობ¬რივი ფირმები ვერ გაუწევენ კონკურენციას იმპორტირებულ პროდუქციას. სუბსიდიების გაუქმება გაზრდის ნაპრალს სოფელსა და ქალაქში მცხოვრები ადამიანების შემოსავლებს შორის და ფერმერებს უბიძგებს საკუთარი მიწების მიტოვებისა და საცხოვრებლად ქალაქში გადასვლისკენ. სოფლის მეურნეობაში დასაქმებულთა რაოდენობის და ეროვნული წარმოების შემცირება არ არის სასურველი, რადგან ის ზრდის უმუშევრობას და ქვეყანას უფრო მეტად და-მოკიდებულს ხდის უცხოურ პროდუქციაზე. ქვეყანა, რომელიც დიდწილადაა დამოკიდებული იმპორტირებულ პროდუქციაზე, შესაძლოა დიდი რისკის წინაშე აღმოჩნდეს გლობალური სასურსათო კრიზისისა და სურსათზე მზარდი მსოფლიო ფასების პირობებში.

არსებობს ორი ურთიერთსაწინააღმდეგო მოსაზრება სასოფლო-სამეურ¬ნეო სუბსიდიების შესახებ. სავაჭრო ლიბერალიზაციის პროცესის კვალობაზე ზოგიერთი მკვლევარი აქცენტს აკეთებს იმაზე, რომ სუბსიდიები ამახინჯებს საბაზრო პროცესებს. ამ მიზნით ბევრმა ქვეყანამ დაიწყო ისეთი სუბსიდიების გაცემა, რომლებიც არ არის დაკავშირებული წარმოების მოცულობასთან. ამის მიუხედავად, ზოგიერთი ნაშრომის თანახმად, წარმოების მოცულობისგან გამოყოფილი სუბსიდიებიც ახდენს ზემოქმედებას საწარმოო გადაწყვეტილებებსა და ფერმების მწარმოებლურობაზე. მეორე მხრივ, მსოფლიო ბაზრებზე მიმდინარე პროცესები, რომლებიც ხელს უწყობს სურსათზე ფასების მერყეობას მსოფლიო მასშტაბით და სასურსათო უსაფრთხოებასთან დაკავში¬რებით შეშფოთებას იწვევს განვითარებად ქვეყნებში, განაპირობებს სასოფლო-სამეურნეო სუბსიდიების მომხრეთა აქტიურობას, რომლებიც მხარს უჭერენ დარგში ინვესტიციების მასტიმულირებელი სუბსიდირების პოლიტიკის განხორციელებას [Rizov M., Pokrivcak J., Ciaian P., 2013].

ნეოკლასიკოსები და ნეოლიბერალები, როგორც წესი, სუბსიდიების გამოყენების წინააღმდეგ გამოდიან, რადგან თვლიან, რომ სუბსიდიები ხელს უშლის საბაზრო ძალების თავისუფალ მოქმედებას. ისინი თვლიან, რომ რესურსები უნდა გადაადგილდებოდეს მომგებიანი სექტორების მიმართულებით და თუ, მაგალითად, ფერმერს არ შეუძლია წარმოების ფაქტორების შეძენა, სახელმწიფო მას არ უნდა დაეხმაროს. უკეთესი იქნება, თუ ასეთი ფერმერი დასაქმდება სხვა რომელიმე მეურნეობაში ნაცვლად იმისა, რომ გააჩნდეს საკუთარი არაეფექტიანი წარმოება.

აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ არსებობს გარკვეული ფორსმა-ჟორული სიტუაციები, როდესაც აგრარული სექტორის ესა თუ ის დარგი სერი¬ო-ზულ დარტყმას იღებს და სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერას საჭიროებს. ასეთი შემთხვევა იყო 2006 წელს, როდესაც რუსეთის ფედერაციამ დააწესა ემბარგო ქართულ პროდუქციაზე. ამ პერიოდში ქართული ღვინის ექსპორტის 80 პროცენტი მოდიოდა ამ ქვეყანაზე და, რუსულ ბაზარზე დამოკიდებუ¬ლე¬ბიდან გამომდინარე, მევენახეობა-მეღვინეობის დარგი აღმოჩნდა ურთულესი პრობლემის წინაშე. სახეზე იყო ჭარბი მიწოდება, რომლის ასათვისებლად ბაზარი არ არსებობდა. ასეთ პირობებში გასაკვირი არ არის, რომ მნიშვნე¬ლოვნად დაეცა ყურძნის ფასი. განსაკუთრებით რთულ მდგომარეობაში აღ¬მოჩნ¬დნენ ის მევენახეები, რომელთაც გარკვეული გრძელვადიანი გეგმები გააჩნდათ და მნიშვნელოვანი ინვესტიციები ჰქონდათ განხორციელებული საკუთარ ვენახში.

ვფიქრობთ, დარგის სუბსიდირების და, ზოგადად, სახელმწიფოს მხრი¬დან მისი სხვადასხვა ფორმით დახმარების მიზანშეწონილობაზე საუბრისას მსგავსი ფორსმაჟორული სიტუაციები გათვალისწინებული უნდა იყოს.

სოფლის მეურნეობის მხარდამჭერი პოლიტიკა ხშირ შემთხვევაში მცირე საოჯახო მეურნეობების დახმარების მიზნით ხორციელდება. მცირე მეურნეობა პროდუქციას აწარმოებს გარკვეული რაოდენობით და ყიდის მას კონკრეტულ ფასად. ბაზარზე მიმდინარე ისეთი მოვლენები, რაც ფასის შემცირებას იწვევს, განსაკუთრებით დიდ ზიანს აყენებს მცირე ფერმერულ მეურნეობებს. რადგანაც საქართველოში არსებული მევენახეების უდიდესი ნაწილი შეიძლება განიხილოს როგორც მცირე მეურნეობის მქონენი, ნათელი ხდება, თუ რა მძიმედ მოქმედებს ყურძნის ფასის კლება მთლიანად დარგის განვითარებაზე. როგორც წესი, ასეთ დროს იწყება ზეწოლა მთავრობაზე, რათა მან განახორციელოს მცირე მეურნეობების შემოსავლების მხარდამჭერი პოლიტიკა იმისათ¬ვის, რომ უზრუნველყოს ფასის შემცირებით გამოწვეული დანაკარგების სრუ¬ლი ან ნაწილობრივი ანაზღაურება მეურნეობებისთვის. სწორედ ამ მიზნით დაიწყო საქართველოში ყურძნის ფასის მხარდამჭერი პოლიტიკის გატარება.

მსგავსი პოლიტიკის მიზანია, უზრუნველყოს მაღალი ფასის შენარჩუნება და არ დაუშვას მცირე მეურნეობების ბაზრიდან გასვლა, რაც, როგორც წესი, პოლიტიკურადაც მომგებიანი სვლაა.

მას შემდეგ, რაც სახელმწიფო გადაწყვეტს, განახორციელოს ამა თუ იმ დარგის სუბსიდირება, მან უნდა განსაზღვროს სუბსიდირების რომელი ფორმა იქნება ყველაზე ოპტიმალური მოცემულ სიტუაციაში.

სასოფლო-სამეურნეო ღირებულებათა ჯაჭვში სუბსიდიები შეიძლება მიმართული იყოს ნებისმიერი რგოლისკენ – წარმოება, მიწოდება, ტრანსპორტირება, მოხმარება და ა.შ. სუბსიდიას შეიძლება ჰქონდეს ნაღდი ფულის, ვაუჩერის, ტრანსპორტის და კიდევ სხვადასხვა სახე. პროდუქტის ფასის მხარდაჭერის ეფექტი უნდა იყოს საოჯახო მეურნეობათა შემოსავლების და შესაბამისად, მათ მიერ წარმოებული პროდუქციის რაოდენობის ზრდა [Lისტერ N. M., 2011].

სახელმწიფო მხარდაჭერის ერთ-ერთი ფორმაა ფასების რეგულირება. ხშირად აგრარულ პროდუქციაზე არსებული ფასი საკმაოდ დაბალია, რაც წამგებიან მდგომარეობაში აყენებს მეურნეობებს. ამ დროს სახელმწიფო, რო-გორც წესი, მიზნად ისახავს არახელსაყრელ მდგომარეობაში მყოფი მწარ-მოებლების ან მომხმარებლების ჯგუფის მხარდაჭერას. ფასის რეგულირებისას სახელმწიფომ შეიძლება დაეწესოს მისი ორი ზღვარი - ზედა და ქვედა.

ფასის ზედა ზღვარი წესდება მაშინ, როდესაც წონასწორული საბაზრო ფასი მიიჩნევა, როგორც ძალიან მაღალი და ითვლება, რომ მისი შენარჩუნების პირობებში საზოგადოების გარკვეული ჯგუფები ძალიან არახელსაყრელ მდგომარეობაში აღმოჩნდებიან. ამის საპირისპიროდ, ფასების ქვედა ზღვარი წესდება მაშინ, როდესაც არსებული წონასწორული ფასი მიიჩნევა, როგორც ძალიან დაბალი.

გამოიყოფა შემდეგი ძირითადი სახის ინსტრუმენტები: სუბსიდიები წარმოების ფაქტორებზე, სუბსიდიები სურსათზე მომხმარებლებისთვის, შემავსებელი გადახდები, გადასახადები იმპორტზე და სახელმწიფოს მიერ პროდუქციის შესყიდვა. ანალიზის სიმარტივისთვის ვუშვებთ, რომ ქვეყანა, სადაც ხდება ამ ინსტრუმენტების გამოყენება, არის მცირე ღია ეკონომიკის მქონე, რომელსაც არანაირი გავლენა არ აქვს პროდუქტის მსოფლიო ფასებზე [Lister N. M., 2011].

თუ სუბსიდია არ არის მიბმული წარმოების მოცულობაზე და მეურ-ნეობა, დავუშვათ, იღებს კონკრეტულ ფიქსირებულ თანხას ნაკვეთის ფართო¬ბის მიხედვით, მისი საწარმოო გადაწყვეტილებები უფრო მეტად საბაზრო სიგნალებზეა დამოკიდებული.

მხარდაჭერის პროგრამა ითვლება წარმოების მოცულობაზე მიბმულად, თუ არსებობს ამ პროგრამის პირდაპირი კავშირი ფერმერული მეურნეობის წარმოებასა და ბაზრის პირობებთან (მაგალითად, ფასები). ასეთ პროგრამებს პოტენციურად ყველაზე მეტი გავლენის მოხდენა შეუძლია სასოფლო-სამეურ¬ნეო წარმოებასა და აგრარული პროდუქციის ბაზრებზე [Colman D., Young T., 1989].

ამის საპირისპიროდ, წარმოებისგან დამოუკიდებელი სუბსიდიები არის ფიქსირებული ტრანსფერტები, რომლებიც არ არის დამოკიდებული ფერმერთა საწარმოო არჩევანზე, წარმოების მოცულობას ან ბაზრის პირობებზე. ასეთი პროგრამები არ ახდენს საწარმოო აქტივობების ან წარმოების ფაქტორების სუბსი¬დირებას. ასეთი პროგრამები არ ცვლის უკუგებას პროდუქციის ერთეულზე და არ ახდენს გავლენას საწარმოო გადაწყვეტილებებზე. მიუხედავად ამისა, რადგანაც წარმოების მოცულობისგან გამოყოფილი სუბსიდიები ზრდის ფერმერულ მეურნეობათა მთლიან შემოსავალს და ეკონომიკურ კეთილდღეობას, ადგილი აქვს არაპირდაპირ გავლენას წარმოებაზე კეთილდღეობისა და სხვა ეფექტების გზით [Westcott P. C., Young E. C., 2004].

აგრარული სფეროს მხარდაჭერის კიდევ ერთი გზაა სახელმწიფოს მიერ კვლევების დაფინანსება და ინოვაციების მხარდაჭერა, რასაც უნდა მოჰყ¬ვეს მწარმოებლურობის ზრდა ამ სფეროში.

დასკვნა

აგრარული სფეროს მხარდაჭერის ზემოჩამოთვლილი ღონისძიებების გარდა არსებობს კიდევ უამრავი გზა, რითაც სახელმწიფო ეხმარება ფერმერულ მეურნეობებს და ცდილობს მათი შემოსავლების, მწარმოებლურობის გაზრდასა და ზოგადად დარგის სტიმულირებას.

სოფლის მეურნეობის სახელმწიფო რეგულირების ბევრი მომხრე აღნიშნავს, რომ ფერმერული მეურნეობები დგანან ბუნებრივი რისკების წინაშე. მოსავალი ხშირად ზიანდება სეტყვის, გვალვის და სხვა ბუნებრივი კატაკლიზ-მების შედეგად, რაც აგრარულ სფეროში დასაქმებულებს აყენებს ყველაზე უარეს მდგომარეობაში ეკონომიკის სხვა სფეროებში დასაქმებულებთან შედარებით. შესაბამისად, მათი აზრით, სახელმწიფოს როლი მეტად მნიშვნელოვანია ამ „უსამართლობის“ აღმოფხვრისა და რისკების შემცირების მიმარ¬თუ¬ლებით.

სახელმწიფოს მხრიდან მარეგულირებელი პოლიტიკის განხორციელე-ბისას პირველი ნაბიჯია ამ მოსაზრებების შემოწმება, მათი ნამდვილობის და/ან აქტუალურობის განსაზღვრა. უნდა შეფასდეს რამდენად ობიექტურია სახელმწიფოს ჩარევის მოთხოვნა და შემდეგ უნდა შემუშავდეს შესაბამისი სტრატეგიები.

ეკონომიკური ჩარევის სახეები შეიძლება მნიშვნელოვნად განსხვავდებოდეს ერთმანეთისგან. მაგალითად, დანერგვის მექანიზმების თვალსაზრისით ზოგიერთი მათგანი პირდაპირია და მოკლე დროში ხორციელდება, ზოგიერთი კი საკმაოდ რთულია და საჭიროებს ბევრ შუამავალს.

პოლიტიკის განხორციელების ფორმები დამოკიდებულია არსებულ პრობლემაზე, მის სირთულესა და აქტუალურობაზე, დაინტერესებულ ჯგუფებზე, სახელმწიფოს ხედვაზე ამ პრობლემის მოგვარებასთან დაკავშირებით და ზოგადად მის ხელთ არსებულ რესურსებზე.

გამოყენებული ლიტერატურა

  1. BIS, 2011. Department for Business Innovation & Skills, Guidance on evaluating the impact of interventions on business.
  2. Colman D., Young T., 1989. Principles of Agricultural Economics, Markets and prices in less developed countries Cambridge University Press.
  3. Crawford E. W., Jayne T. S., Kelly V. A., 2005. Alternative approaches for promoting fertilizer use in Africa, with particular reference to the role of fertilizer subsidies, Paper, Department of Agricultural Economics, Michigan State University, East Lansing, MI.
  4. Henningsen A., Kumbhakar S., Lien G., 2011. Econometric Analysis of the Effects of Subsidies on Farm Production in Case of Endogenous Input Quantities, Paper prepared for presentation at the EAAE 2011 Congress, ETH Zurich, Zurich, Switzerland.
  5. Lister, N. M., Agricultural Subsidies, 2011. Productivity and Rural Assets: The effect of Farmer Input Support Programme (FISP) on small scale farmers in Mwembeshi-Chibombo District of Zambia, International Institute of Social Studies, Hague.
  6. Peterson E. Wesley F., 2009. A Billion Dollars a Day: The Economics and Politics of Agricultural Subsidies.
  7. Rizov M., Pokrivcak J., Ciaian P., 2013. CAP Subsidies and the Productivity of EU Farms, working paper, Factor Markets, No. 37.
  8. Skovager Jensen M., Zobbe H., 2007. Producer subsidies and decoupling in the European Union and the United States, Case study #10-2 of the program: “Food policy for developing countries: The role of government in the global food system”.
  9. Westcott P. C., Young E. C., 2000. Farm Program Effects on Agricultural Production: Coupled and Decoupled Programs, Decoupled Payments in a Changing Policy Setting/AER-838.
  10. Winters A. L., 1987. The economic consequences of agricultural support: a survey.